Sxamiani sokoebi - yviTeli bilwa soko

Домен: Эукариоты
Царство: Грибы
Отдел: Базидиомицеты
Класс: Агарикомицеты
Порядок: Агариковые
Семейство: Аманитовые
Род: Мухомор
Вид: Мухомор ярко-жёлтый
Международное научное название: Amanita gemmata

 

ყვითელი ბილწა სოკო - (ინგ. Amanita gemmata) (რუს. Мухомор ярко-жёлтый)

სინონიმი: უცნობია.

ყვითელი ბილწასოკო, რომელსაც ასევე იცნობენ, როგორც თვლიანი შხამასოკო ან ყვითელი (ნარცისისფერი) შხამასოკო, ფირფიტოსანი სოკოა ამანიტასის ოჯახის ამანიტას გვარიდან. მისი ქუდი გახუნებული ყვითელი ფერიდან ოქროსფერ ყვითლამდე გვხვდება და დიამეტრით, ჩვეულებრივ, 2.5 სმ-დან 12 სმ-მდე აღწევს. ტენიან პირობებში ქუდის ზედაპირი წებოვანია და მეჭეჭებს იკეთებს, რომლებიც ადვილად შორდება. ნორჩი ბილწასოკოს ქუდი წვეტიანია და ასაკის მატებასთან ერთად სწორდება. სოკოს ქსოვილი თეთრია და მოკრეფის შემდეგ ფერს არ იცვლის. ფირფიტები თეთრი და მჭიდროდ განლაგებულია. ფეხი ღია ყვითელი ფერისაა, 4-12 სმ სიმაღლეში და 0.5-1.9 სმ სისქეში. ბილწასოკოს ქუდთან ნაწილობრივ განვითარებული აქვს ვუალის მსგავსი გარსი, რომელიც დროთა განმავლობაში, ფეხის დაბოლოებაზე არსებულ რკალად გადაიქცევა. სპორული ფქვილი თეთრია, სპორები კი ოვალური ფორმის, 8-10 მიკრომეტრიდან 6.5-7.5 მიკრომეტრამდე.

ყვითელი ბილწასოკო მიკორიზული სოკოა, რომელიც ამერიკასა და ევროპაში ფართოდ არის გავრცელებული. ის იზრდება ცალკე, გაბნეულად ან ჯგუფურად და ამჯობინებს წიწვოვან და შერეულ ტყეებსა და ბილიკებს. ამოდის ზაფხულში და შემოდგომაზე. ყვითელი ბილწასოკო შხამიანია და შეიცავს მუსკარინს, იგივე ნეიროტოქსინს, რომელიც შედის წითელ შხამასოკოში (ცადამაყვანა), თავჭედილა სოკოში და სხვა ბევრ სახეობაში კლიტოციბის და ინოციბის გვარიდან. ყვითელი ბილწასოკო ხშირად ერევათ სოკოს სხვა ევროპულ სახეობებში. ის წააგავს ცრუ შხამასოკოს, ამანიტა ფულვას (Tawny grisette) და თავჭედილას, თუმცა ყვითელი ბილწასოკოს ქუდი ცრუ შხამასოკოზე უფრო ღია ფერისაა, ამანიტა ფულვასა და თავჭედილას ქუდებთან შედარებით კი უფრო ყვითელი.

ტაქსონომია და ფილოგენია

სოკოს ეს სახეობა 1838 წელს პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა ელიას მაგნუს ფრიზმა, როგორც აგარიკუს გემატუსი. ის ამანიტების გვარს, 1866 წელს ფრანგმა სტატისტიკოსმა, ლუი ბერტილონმა მიაკუთვნა. ყვითელი ბილწასოკო, თავისი ისტორიის განმავლობაში, სხვადასხვა დროს ბევრ სხვადასხვა გვარს მიეკუთვნებოდა, ამიტომაც მისი სახელწოდება მრავალი სინონიმით არის ცნობილი. მათ შორის ამანიტა მუსკარია გემატა (Amanita muscaria gemmata (1886 Lucien Quélet)), ამანიტოფსის გემატა (Amanitopsis gemmata (1887 Pier Andrea Saccardo)), ამანიტარია გემატა (Amanitaria gemmata (1940 Jean-Edouard Gilbert)), და ვენენარიუს გემატუს (Venenarius gemmatus (1948 William Murrill)). ამანიტების გვარის მცოდნე როდამ ტულოსი მიიჩნევს, რომ ამანიტა ამიცი (1891 წელს კლოდ კასიმირ გილეტის მიერ აღწერილი) აგრეთვე ყვითელი ბილწასოკოს სინონიმია, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე სახეობის მიკროსკოპული მახასიათებლები ერთმანეთს ემთხვევა.

ამანიტას გვარში, ყვითელი ბილწასოკო კლასიფიცირებულია ამანიტების ქვეგვარში არსებულ ამანიტას ხაზის გემატას სერიაში. ტულოსი კლასიფიკაციის დროს, სახეობის ზევით არაფორმალურად ამატებდა ტაქსონომიის კიდევ ერთ საფეხურს, რომლის მიხედვითაც, ბილწასოკო ამანიტა რუსულოიდისა (A. russuloides) და ამანიტა ვისიდოლუტას (A. viscidolutea) ხაზში ექცეოდა. ზოგიერთი მიკოლოგი მიიჩნევს, რომ ამანიტა გემატა ამანიტა რუსულოიდისგან არ განსხვავდება. რიბონუკლეინმჟავას რიბოსომული გენის (nLSU-rDNA) და რიბონუკლეინმჟავას მიტოქონდრიული გენის (mtSSU-rDNA) მოლეკულურმა კვლევამ აჩვენა, რომ გემატა ამანიტების გვარის ერთ-ერთი შტოა და მჭიდროდ ენათესავება ამანიტა მუსკარიას (A. muscaria), ამანიტა ფარინოზას (A. farinosa) და ამანიტა როზიტინქტას (A. roseitincta).

ყვითელი ბილწასოკო ცნობილია, როგორც “თვლიანი ამანიტა”, “ყვითელი ამანიტა” ან “ევროპული თვლიანი ამანიტა”.

აღწერილობა

ბილწასოკო მთლიანობაში ყვითელი ფერისაა. მისი ქუდი მოკრემისფრო ყვითლიდან ოქროსფერამდე გვხვდება და ტენიან პირობებში წებოვანია. ქუდის ზედაპირზე მიმაგრებულია თეთრი მეჭეჭები, რომლებიც იმდენად სუსტია, რომ ხშირად წვიმისგან ჩამოირეცხება. მეჭეჭები ქუდზე გაბნეულად არის მიმაგრებული, თუმცა უფრო მაღალი კონცენტრაცია ცენტრისკენ შეინიშნება. ქუდი დიამეტრში 2.5-12 სმ-ია, თავდაპირველად წვეტიანი, ზრდასთან ერთად კი ბრტყელდება. სოკოს ქსოვილი თეთრია და დაჭრის შემდეგ ფერს არ იცვლის.

ფირფიტები ერთმანეთთან მჭიდროდ არის განლაგებული, მინიმალური დაშორებით, თითქმის შეზრდილ მდგომარეობაში. ღია მოყვითალო ფეხი სიმაღლეში 4-12 სმ-მდე, სისქეში კი 0.5-1.9 სმ-ია. ფეხი ან თავიდან ბოლომდე ერთი სისქისაა, ან ძირისკენ ოდნავ გაფართოებული. ნორჩ სოკოებს ფეხის ზედა ნაწილზე, ქუდის შესართავთან ნაწილობრივ ვუალისმსგავსი მემბრანა აქვთ განვითარებული. სოკოს ზრდასთან ერთად, მემბრანა იხევა და სუსტ, ადვილად მოსაშორებელ რკალად გარდაიქმნება. ფეხის დაბოლოებაზე მდებარეობს თეთრი ძირი (თავდაპირველი ვუალისებრი მემბრანის ნარჩენი, რომელიც ნორჩ სოკოს ფარავდა). სპორული ფქვილი თეთრია. სოკოს რაიმე განსაკუთრებული სუნი არ გააჩნია.

მიკროსკოპული მახასიათებლები

ყვითელი ბილწასოკოს სპორები ზომით 8-10 სმ-დან 6.5-7.5 მიკრომეტრამდეა. Q-ინდექსი (სიგრძის სიგანესთან შეფარდება) 1.35-ია. სპორა არა-ამილოიდური, გლუვი, თხელკედლიანია და ზეთის ერთ ან რამდენიმე წვეთს შეიცავს. ბაზიდია (უჯრედთა ერთობა სპორების წარმომშობ შრეში), ჩვეულებრივ 4 სპორიანია, კვერთხისებრი ფორმის, მათი სიდიდე 30-40-დან 8-11 მიკრომეტრით განისაზღვრება. ფირფიტების ქსოვილი არაერთგვაროვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრისკენ უჯრედები ერთმანეთის პარალელურია, ხოლო ნაპირისკენ მდებარე უჯრედებში გარეთ გადახრა შეინიშნება. ჰიფები ცილინდრული და თხელკედლიანია, გამჭვირვალედან მოყვითალომდე და ზომით 2.2-9 მიკრომეტრამდე აღწევს. ცენტრში მდებარე ჰიფები უფრო ვიწროა და ცილინდრული, სუბჰიმენიუმის (სპორების წარმომშობი შრის ქვედა ფენა) ჰიფები ერთმანეთშია გადახლართული; არიან დატოტილი, გამჭვირვალე და აქვთ ცილინდრული ფორმა, სიგანით 6-9 მიკრომეტრი. ქუდის კიდეში მდებარე ჰიფები ბოჭკოვანია, ერთმანეთში გადახლართული და რადიალური სიმეტრიით განლაგებული. აქვთ ცილინდრული ფორმა, სიგანეში 2.7-4 მიკრომეტრამდე. არიან თხელკედლიანები, გამჭვირვალედან მოყვითალომდე. კალიუმის ჰიდროქსიდში ჩაშვებისას ისინი ჟელატინად გადაიქცევიან. ქუდის ქსოვილის ჰიფები აგრეთვე გადახლართულია, ცილინდრული, სიგანეში 3.7-14.6 მიკრომეტრი, თხელკედლიანი, დატოტილი, გამჭვირვალედან მოყვითალომდე.

ღეროს მწვერვალზე უხვადაა განლაგებული ცისტიდია (ბუშტისებრი უნაყოფო უჯრედები სოკოს ჰიმენიალურ შრეში). მათ კვერთხისებური ან ცილინდრული ფორმა აქვთ, არიან თხელკედლიანი და გამჭვირვალე, ზომით 3-9 მიკრომეტრი. სოკოს ფეხზე არსებული საყელოს ქსოვილი ერთმანეთში გადახლართული ჰიფებისგან შედგება, რომელთა სიგანე 3-9 მიკრომეტრია. საყელოს ქსოვილზე ასევე შეინიშნება სფეროცისტების (გაგანიერებული, სფეროსებრი უჯრედები) არსებობა, ისინი კვერთხისებრი ან ოვალური ფორმისაა 29-55-დან 30-70 მიკრომეტრამდე. სოკოს ქუდზე განლაგებული მეჭეჭები მსუბუქად გადახლართული, თხელკედლიანი ჰიფებისგან შედგება, რომლებიც ზომით 3.5-8 მიკრომეტრია. ამ ზონაში არსებული სფეროცისტები 58.5-70.2-დან 17.5-40 მიკრომეტრია, ოვალური ფორმის და გამჭვირვალე. ძირის ქსოვილის ჰიფები ცილინდრულია, გამჭვირვალე, 4.4-7.3 მიკრომეტრი ზომის. სფეროცისტები ოვალური ფორმისაა, ოდნავ სფერული, გამჭვირვალე, 35-70-დან 20-35 მიკრომეტრი. რეფრაქტერული უჯრედები ყვითელ ბილწასოკოში ყველაზე დიდი რაოდენობით ქუდის კიდესთან გვხვდება და მათი სიგანე 3.7-6 მიკრომეტრია. კავური კავშირები (Clamp connections) ყვითელი ბილწასოკოს ჰიფებში იშვიათია, თუმცა მათ გარკვეულ რაოდენობას ვხვდებით სოკოს საყელოში, ფირფიტებში, სუბჰიმენიუმში და ქუდის ქსოვილში.

მსგავსი სახეობები

ჩრდილოეთ ამერიკაში ბევრია სოკოს ისეთი სახეობა, რომელიც თავჭედილა სოკოსთან (A. pantherina) არის შერწყმული. 2005 წელს როდ ტულოსმა აღწერა სოკოს სახეობა ამანიტა აფრიკა, რომელიც ხშირად ერევათ ყვითელ ბილწასოკოში. მიკოლოგების პიერ ნევილის და სერგ პომარატის აზრით, ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე გავრცელებული სახეობა ამანიტა ამიცი (ამანიტა გემატა ამიცის სინონიმური სახელწოდებით), გარეგნულად ძალიან ჰგავს ყვითელ ბილწასოკოს, მაგრამ ზომით უფრო დიდია. ტულოსს მიაჩნია, რომ ამანიტა ამიცის ქუდის ზომა ამანიტა გემატას ქუდის დასაშვებ ზომას არ აღემატება და ამიტომ ეს ორი ტაქსონი ერთსა და იმავე სახეობას ეკუთვნის. ნევილი და პომარატი კი ამტკიცებენ, რომ სახელწოდება ამანიტა გემატა ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე გავრცელებულ სოკოს სახეობებს შორის იმიტომაა შემორჩენილი, რომ ისტორიულად ხშირად ხდებოდა მისი არაზუსტი გამოყენება და იტალიურ სახეობა ამანიტა ჯიოიოზასთან არევა. ეს უკანასკნელი 2004 წლამდე არ იყო აღიარებული სოკოს ცალკე სახეობად. ყვითელი ბილწასოკოს კიდევ ერთი მსგავსი სახეობაა ამანიტა ორიენტიგემატა (A. orientigemmata), რომელიც გავრცელებულია იაპონიასა და ჩინეთში, თუმცა ბილწასოკოსგან განსხვავებით, მას გააჩნია კავები. ამ ორ სახეობას შორის განსხვავებად ითვლება აგრეთვე სპორების ზომა და ქუდზე არსებული მეჭეჭების მიკროსტრუქტურა.

შხამიანობა

ყვითელი ბილწასოკოს შხამიანობა მასში შემავალი მუსკიმოლის (muscimol) და იბონეტის მჟავის  (ibonetic acid) დამსახურებაა. როგორც წესი, მოწამვლა სოკოს მიღებიდან 3 საათის განმავლობაში იწყება და გამოიხატება ვიზუალურ ჰალუცინაციებში, გულისრევაში, მუცლის ტკივილში, შენელებულ გულისცემასა და აჟიტირებულობაში. უფრო მწვავე მოწამვლამ იშვიათად, თუმცა მაინც შესაძლოა გამოიწვიოს კომა, კონვულსიები და სიკვდილი.

ეკოლოგიაჰაბიტატი და გავრცელების არეალი

ყვითელი ბილწასოკო მიკორიზული სოკოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ორმხრივად სასარგებლო კავშირს ამყარებს მასპინძელი მცენარის ფესვებთან. ამ კავშირის შედეგად, მცენარე სოკოს საჭირო ნახშირჟანგით ამარაგებს, სოკო კი მცენარეს საკვებ ნივთიერებებს აწვდის და პათოგენებისგან იცავს. ლარგენტი და თანაავტორები (1980) აღწერენ ყვითელი ბილწასოკოს კავშირს მანზანიტასთან (Manzanita) და ფიჭვთან (Pinus contorta). ბილწასოკოს უყვარს ქვიშიანი და ოდნავ მჟავიანი ნიადაგი და ხშირად გვხვდება კავშირში ვეროპულ ნაძვთან (Picea abies). იზრდება მარტო, გაბნეულად ან ჯგუფურად წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ბილიკებსა და გზებზე. სოკოს ეს სახეობა გავრცელებულია ასიაში, ამერიკასა და ევროპაში. ამოდის ზაფხულში და შემოდგომაზე (კალიფორნიაში შემოდგომაზე და ზამთარში). ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ყვითელი ბილწასოკო ხშირად ჯგუფებად გვხვდება და აღმოჩენილია უკიდურეს სამხრეთით, მექსიკაში. სოკოს შესახებ არსებობს ცნობები დომინიკის რესპუბლიკიდან და ჩილედანაც. აზიაში მისი გავრცელების ქვეყნად ჩინეთი სახელდება.